„ანას ბაღის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას EMC ეხმაურება

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ანას ბაღის“ საქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მათი სამართლებრივი შეფასებით, სამშენებლო დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების უგულებელყოფის ფონზეა გამოცემული.

ორგანიზაციის შეფასებით, უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც კომპანიას სასამართლო დავის დასრულებამდე მშენებლობა შეეზღუდა, დღეს გაუქმებულია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მაცხოვრებლების სამართლიანი მოთხოვნა, სარეკრეაციო და სოციალიზაციის სივრცის მნიშვნელობის საკითხი და კომპანიას დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა.

EMC-ში ამბობენ, რომ 2017 წელს, “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიას კოეფიციენტი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით გაეზარდა, რადგან უგულებელყოფილი იქნა საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება, არ გამოკვლეულა, თუ რატომ განაპირობებდა კოეფიციენტის მატება ტერიტორიის რაციონალურ, ეფექტურ გამოყენებას და რა რისკების მატარებელი იქნებოდა აღნიშნული მატება. გადაწყვეტილება ცალმხრივად მხოლოდ კერძო პირის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ იქნა მიღებული.

„მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დასტურდება, რომ “ანას ბაღთან” დაგეგმილი კორპუსის აღმართვის შემდგომ ბაღი მოექცევა შენობებს შორის, მერიის მიერ ნებართვის გაცემა ისე მოხდა, რომ დღემდე არ გამოკვლეულა, თუ რა ზეგავლენას იქონიებს აღნიშნული კორპუსის მშენებლობა და ექსპლუატაცია ანას ბაღზე, მიიღებს თუ არა ბაღი სასიცოცხლოდ საჭირო ბუნებრივ განათებას, მზის შუქს.

მოსახლეობას უფლება, ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში და მიიღოს ყოველმხრივი, სრული ინფორმაცია არსებული გარემოს შესახებ, გამყარებულია როგორც შიდასაკანონმდებლო, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი პროექტი არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს, “- ამბობენ ორგანიზაცია.