„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე, ვარკეთილში, სამშენებლო კომპანია ტექნიკის შეყვანას ცდილობს, ადგილობრივები კი სამუშაოების დაწყებას ეწინააღმდეგებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა facebook-გვერდზე წერს, დღეს დილით 50-მდე კერძო დაცვის თანამშრომელმა ხელით გააჩოჩა ჭიშკართან მდგარი თეთრი მიკროავტობუსი და ცოცხალი ძალის კორიდორში შეძლეს ტრაქტორის შეყვანა.
„როგორც ჩანს, გზას უმზადებენ მიწისმთხრელს. ყველას! ყველას! ყველას! მოგმართავთ მთელს ვარკეთილს, მთელს თბილისს, ამ ბრძოლის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ქალაქის ხელისუფალთ და ფულის ტომრებიან მოძალადე ბიზნესმენებს ვანახოთ ვისია ეს ქალაქი“, – წერენ facebook-გვერდ „ანას ბაღის გადასარჩენად“.
მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერს მშნებლობის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.
კახა კალაძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.
2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილებით, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო, ყველა გარემოების გაუთვალისწინებლობის გამო.
თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მერიამ ნებართვა კვლავ გასცა.
სკვერი-საბავშვო მოედანი [„ანას ბაღი“] ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ 2014 წელს მოეწყო. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი ადგილობრივის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. სამეზობლო უკვე 3 წელზე მეტია, საპროტესტო აქციებს მართავს.