ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ კორპუსის მშენებელმა კომპანიამ, „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ სასამართლოს განჩინება, დავის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ, გაასაჩივრა.
კომპანიის იურისტი „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ ჰქონდა დოკუმენტურად დასაბუთებული გარემოება. მისი პოზიციით, მათ „აბსოლუტურად უმართებულო, არასწორი, ცრუ ინფორმაცია“ მიაწოდეს მოსამართლეს.
24 თებერვალს სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა.
მისი თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.
მოსახლეობა „ანას ბაღის” გადასარჩენად 2016 წლიდან იბრძვის. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.
„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს „ანას ბაღის” დამცველი გიორგი ფხალაძე.