აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5 – 8.5 წელი მიესაჯათ, – განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებათ.
ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს აქციებში მონაწილეობის გამო. დაცვის მხარის თქმით, ჩადება მოხდა როგორც პირადი ჩხრეკისას, ასევე ბინაშიც.
ისევე როგორც აქციების დროს ამავე მუხლით დაკავებული პირების საქმეებში, ამ შემთხვევაშიც, პირადი ჩხრეკა – დაკავების საგამოძიებო მოქმედება გადაღებული არაა.
ამასთან, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეთხოვა დაკავების ადგილზე არსებული სუპერმარკეტის ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. ადვოკატების თქმით, პოლიციელთა დაშინების შედეგად ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ტაქსის მძღოლმა, მათი თქმით, ადგილიდან ასევე გააგდეს პირები, რომელიც ფაქტს შეესწრნენ.
რაც შეეხება სახლის ჩხრეკის ვიდეოს, დაცვის მხარის თქმით, ის ზედაპირულია და არ არის გამორიცხული ეჭვი ბინაში ნარკოტიკული საშუალების ჩადებაზე. მათი თქმით, ბინის მეპატრონე სრულყოფილად ვერ ადევნებდა თვალს ჩხრეკის მიმდინარეობას, ამასთან ადვოკატების თქმით, ბინის ჩხრეკის დროს ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ოქმში ოფიციალურად არაა ასახული.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე აცხადებენ ისინი, რომ ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებაც ჩადებულია.