ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე შეიწყალა.
შეწყალების შესახებ ბრძანება ბიბილოვის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდანვე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ ინფორამციას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
ზაზა გახელაძე რუსმა ჯარისკაცებმა ერთი წლის წინ, 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა – „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ზაზა გახელაძემ ერთ-ერთ სამხედროს ესროლა. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით ეს ბოლომდე არ დადასტურებულა. ცხინვალის სასამართლომ გახელაძეს 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი გახელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს და საქართველოს ხელისუფლებას მის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. გახელაძის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით საპროტესტო აქციებიც დააანონსეს, თუმცა მაისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქცია აღარ გამართეს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გახელაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდა, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს, მისმა ოჯახის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა მაინც გამართეს. ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლასაც გეგმავდა, მაგრამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, რომ პატრიარქმა გადასვლის გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა და მას დაემორჩილა.