თერაპევტთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც 307 წევრისგან შედგება, თბილისის მერს მიმართავს. დღეს გამართულ ბრიფინგზე თერაპევტებმა (ქცევითი თერაპევტები, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური, სპეცპედაგოგები, ხელოვნებისა და ფიზიკური თერაპევტები) განაცხადეს, რომ მარტში 500-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთა თვიური ანაზღაურებაც განისაზღვრება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით, ანაზღაურების გარეშე რჩება გაურკვეველი ვადით.
„ამიტომ თერაპევტთა სახელით ვითხოვთ:
დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა მთელი იმ პერიოდის, რაც შეწყვეტილია მომსახურეობის მიწოდება, ჩაირიცხოს სრულად, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით, შეიქმნას კომისია, რომელშიც შევა მერიის, ბენეფიციარის მშობლების, ორგანიზაციებისა და თერაპევტთა პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე.
ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა აბსოლუტურად და პირდაპირ არის მიბმული თქვენს გადაწყვეტილებაზე. თუ თქვენ მიერ მიღებული არ იქნება დროული და ეფექტური გადაწყვეტილება, პანდემიის დროს ჩვენი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვება, გამოიწვევს ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”, – ნათქვამია თერაპევტების მიმართვაში.
„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2020 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, ასევე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში.
„იმის გამო, რომ პრემიერის დადგენილებითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სამუშაო პროცესის გაგრძელება რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრებში იყო საფრთხის შემცველი, როგორც მერიის აუტიზმის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მათთან მომუშავე თერაპევტებისთვის, შეჩერდა პროგრამის მიწოდება პირველ აპრილამდე და უცნობია, როდის მოხდება ამ პროცესის აღდგენა”, – ამბობენ თერაპევტები.