ანჟეი დუდა: მოუთმენლად ველით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა 

პუბლიკა

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, „ყველა მოუთმენლად ელის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას.

„რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს.

მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული”. – თქვა მან.

ანჟეი დუდამ ილაპარაკა რუსულ კანონზეც. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკოსებისთვის „აშკარააა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას”.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს.  ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს, ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტნმა დაგვიდასტურა ეს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში”. – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილის ვარშავაში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის.