ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო 

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა დამონტაჟებული იყო.

ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს”.

„ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი”. – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია.

მოქალაქეებმა ეს ვიდეო გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ვიდეო 2023 და 2024 წლების მილოცვებიდან არის დამონტაჟებული და არ არის ახალი.