ანდრია სარიამ არ შეწყვიტა საპატრიარქოს შეურაცხყოფა და მღვდელმსახურება ამის გამო აეკრძალა - ანდრია ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესსპიკერის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ დეკემბერში მისთვის მიცემული გაფრთხილების მიუხედავად, განაგრძო საპატრიარქოს საჯაროდ შეურაცხყოფა და პატრიარქმა 20 იანვარს ამის გამო გამოსცა ბრძანება მისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე.

„მამა ანდრია სარიას დეკემბერში კომისიის მიერ მიეცა გაფრთხილება და მისი მხრიდან მოხდა სრული იგნორი ამ გაფრთხილებისა და იგივე გააგრძელა. რაც გულისხმობს უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს, იერარქების მიმართ და რადგანაც კომისიის შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეკითხვაზე, რომ ანდრია სარია ამ გადაწყვეტილებას არაკანონიკურს უწოდებს, საპატრიარქოს პრესსპიკერი პასუხობს, რომ ბრძანების გამოცემა საეკლესიო წესების დაცვით მოხდა, ხოლო ანდრია სარიას მოთხოვნა პატრიარქთან შეხვედრაზე რამდენად დაკმაყოფილდება არ იცის და ამაზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებამდე უნდა ეფიქრა.

„იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე. მღვდელმთავრების მიმართ არის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ პატრიარქის გარემოცვა ბანდაა, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად არის დამსჯელი ორგანიზაცია და ა.შ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, „დანაშაული“, რის გამოც ანდრია სარიას მღველმსახურება აუკრძალეს განკვეთასაც კი გულისხმობს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება „შეღავათიანია“.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარს იჭერდა საპატრიარქოში მიმდინარე განხეთქილებისას და ეკლესიას საჯაროდ აკრიტიკებდა.