სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს ტოვებს. ამის შესახებ ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს“. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.
ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.
თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია“, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ნიშნად ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი 9 მსახიობმა – ნანკა კალატოზიშვილმა, კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, ანასტასია ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა, მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ირაკლი ჯაფარიძემ დატოვა.
მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.
19 თებერვალს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადის ცენტრალური ნაწილიდან ჩამოხსნეს, რასაც სამთავრობო „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და POS TV-ის ოპერატორები და ჟურნალისტები დაასწრეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა, თავდაპირველად მხარდამჭერი ბანერი ხელით ეკავათ, შემდეგ კი აივნიდან გადმოფინეს. 20 თებერვალს ბანერი მაინც ჩამოხსნეს.
როგორც თეატრის მსახიობებს განუმარტეს, ჩამოხსნის მიზეზი მუსიკალურის შოუსთვის პრომოს გადაღებაა. თეატრის ფასადზე ახლა „რუსთავი 2-ისა“ და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუსიკალური პროექტის ბანერია გაკრული.
2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძესა და მასთან ერთად ბრალდებულ 10 პირს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.