ანდრო დადიანი ბიენალეზე: საქართველოში კულტურის სისტემა ისტორიულ ძეგლებთან ერთად იშლება

პუბლიკა

არტისტი ანდრო დადიანი ევროპის პოეზიის ბიენალეზე წარსდგა, სადაც საკუთარი ტექსტების წარდგენის შემდეგ საქართველოში არსებულ კულტურულ და პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრა.

არტისტი შეეხო კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ისაუბრა რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე და ქვეყანაში არსებულ „ავტორიტარულ რეჟიმზე“.

„მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მწუხარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეეხოთ ღაზასა და ისრაელის კონფლიქტი. ამის შემდეგ, მე ძალიან მერიდება ჩემს თავზე საუბარი, ჩემი ცრემლების მიზეზზე, ჩემს ქვეყანაზე. დღითიდღე საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ძლიერდება. მთავრობა უკვე ცდილობს აკრძალოს დემონსტრაციები. ქვეყანაში, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასულ წელს ასი ათასმა ადამიანმა დატოვა სახლი და მმართველების მოქმედებების შედეგად გადაიქცა ლტოლვილად, ემიგრანტად. კულტურის მინისტრმა, მეტსახელად ჯალათმა, პოლიციელები და ინსპექტორები დანიშნა ლიტერატურის, კინოს, მუზეუმების, გალერეების და თეატრების წამყვან პოზიციებზე. ჩემს ქვეყანაში კულტურის სისტემა ისტორიულ ძეგლებთან ერთად იშლება და ჩვენ ნანგრევების გადარჩენასაც ვერ ვახერხებთ. ვიცი, რომ აქ წარმოდგენილნი არიან  ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები და მინდა გთხოვოთ, როდესაც ჩემზე ისაუბრებთ, ისაუბრეთ ჩემი ქვეყნის კონტექსტში, რომელსაც სჭირდება დახმარება მსოფლიოს პასუხისმგებლობიანი ნაწილისგან.

ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები და უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი. ჩვენ ახლა რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ, ომში ვართ ჩვენს რუსულ მთავრობასთან, ჩვენ ყველას დახმარება გვჭირდება.

მსოფლიომ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ მოგვაქცია ყურადღება 2008 წელს. ამის შემდეგ, ჩვენ ახლა მეორე ომი გვაქვს უკრაინაში. რუსეთი ცდის ჩვენს პაწაწინა სამშობლოში დიდი ქვეყნების მიტაცების ტექნიკებს. თუ თქვენ დღეს ჩვენი მიტაცებას დაეთანხმებით, ხვალ ეს პოლიტიკა თქვენ გაგაძევებთ თქვენი პროფესიებიდან და სახლებიდან. მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა გთხოვოთ, დაგვეხმარეთ!!!“ – განაცხადა ანდრო დადიანმა.