ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი, თომა ლიპარტიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ სატელეფონო საუბრისას აგინა. მისივე თქმით, კვერნაძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს მისი ნახვა უნდოდა. საჯარო მოხელის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალების შეთანხმებას მოჰყვა.
გთავაზობთ ლიპარტიანის facebook-სტატუსს:
„რამდენიმე საათის წინ შემოვიდა ზარი უცნობი ნომრიდან. ვპასუხობ და მეუბნება რომ არის ავთანდილ კვერნაძე (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი) და თურმე ჩემთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სურს სააგენტოს თავჯდომარეს – ზაზა ვაშაყმაძეს. ეს კარგი, მაგრამ განა დროს მითანხმებს, არამედ მეუბნება რომ მიბარებენ მათ ოფისში, პარასკევს, 15:00 საათზე. თანხმობა ან უარი ნათქვამი არ მქონდა, უკვე რომ მიკონკრეტებს რომ თქვენზე საშვი იქნებაო.
რატომ „მიბარებს” ზაზა ვაშაყმაძე? – რამე დავაშავე და დაკითხვაზე მიბარებს თუ ჩემი ეპისკოპოსია და ანგარიში უნდა ჩავაბარო? ეს ყველაფერი იმ წამს გავიფიქრე, საუბრის მომენტში, თუმცა თავმოყვარეობასაც გადავაბიჯე და თანხმობა ვუთხარი. ამავდროულად დავამატე, რომ ჩვენი მღვდელი დღეს ჩამოდის საქართველოში, ჩემს უფლებამოსილებას მისი ზედამხედველობის ქვეშ ვახორციელებ და შესაბამისად პარასკევსაც წამოვიყვან ჩემთან ერთად-თქო. ამაზე მპასუხობს რომ „ბატონი ზაზა მხოლოდ თქვენ გიბარებთ და მღვდელი ნახევარი საათით სახლში დატოვეო” (არ მოგესმათ, მღვდელზე მეუბნება, რომ შინაური ცხოველივით სახლში დატოვეო). თან ჩვენ თარჯიმანი არ გვყავსო, თუმცა ამაზე ვუთხარი, რომ მღვდელს მე გადავუთარგმნიდი საუბარს. კარგიო, ბატონ ზაზას შევუთანხმდებიო.
ახლა კი მირეკავს ისევ და მეუბნება რომ ბატონმა ზაზამ მითხრაო – მამაო სახლში დატოვოსო (არა და ეს მღვდელი ქალია) და თვითონ მოვიდესო. ამის შემდეგ დავიწყე ახსნა, თუ რატომ უნდა მახლდეს თან მღვდელი და რომ მათ არ აქვთ უფლება, შეუთანხმებლად „დაკითხვებზე” დაგვიბარონ. საუბარი უტაქტოდ და არაერთხელ შემაწყვეტინა, რაზეც მივუთითე, რომ მსგავსი რამ უზრდელური საქციელია.
შენ მე ვინ გგონივარო, ამხელა კაცი ვარო, შენი დედა მოვ**ანო და გამითიშა – ასეთი პასუხი გამცა.შეგახსენებთ რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ შეიქმნა და მისი მიზანია, უშუამდგომლოს რელიგიურ ორგანიზაციებსა და მთავრობას, ასევე დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში, თუმცა – 5 კათოლიკური ეკლესია ისევ საპატრიარქოსგანაა მიტაცებული, სომხური ეკლესიები ისევ ნანგრევებადაა ქცეული და კანონიერ მფლობელს არ უბრუნდება, ხოლო ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება ისევ არ გაცემულა“, – წერს ლიპარტიანი.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა რელიგიის საკითხთა სააგენტოს. როგორც უწყებაში განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ კომენტარის გაკეთება გადაწყდება, მედიასა და საზოგადოებას დამატებით ეცნობება.