„საზოგადოებრივი მაუწყებლის” დილის გადაცემის ჟურნალისტი, ანი ჯობავა წერს, რომ ხვალიდან გადაცემას არხი მის გარეშე განაახლებს. მისი თქმით, ხელმძღვანელობას მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, ოფიციალური მიზეზი არ იცის, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს.
როგორც ანი ჯობავა „პუბლიკასთან” აღნიშნავს, ერთი თვის წინ გადაცემის დაგეგმვა დაიწყეს მისგან დამოუკიდებლად და არ მიიწვიეს არც თათბირებზე – ის მიუთითებს, რომ ზუსტად ისიც არ იცის, გაუშვეს თუ არა ტელევიზიიდან.
„არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ ჩემთან, ოფიციალურ წერილებზეც არ მპასუხობენ. იმასაც ვერ გეტყვით, გამომიშვეს თუ არა. სრული იგნორია უშუალო და მიმართულების ხელმძღვანელებისგან… ხვალ შედიან ეთერში, მზად არის ქუდიც, წამყვანებიც და საეთერო ბადეც. მე მაშინ გავიგე, ერთი თვის წინ, ჩემგან დამოუკიდებლად, თათბირები ჩანიშნეს, სადაც ჩემ გარდა დაიბარეს ყველა ჟურნალისტი. ამის მერე მქონდა მცდელობა გამეგო მიზეზები, მაგრამ ამაოდ”, – აღნიშნავს ის.
ანი ჯობავამ ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, ის წერს:
„სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი” – აი ამ ტექსტით ალბათ ათასობით ადამიანს დავურეკე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
7 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, სხვადასხვა გადაცემაში და პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შტატი ბოლო წამამდე “ახალი დღის” ჟურნალისტი იყო.
7 წლის განმავლობაში, ბევრი ვისწავლე, ბევრი ვეცადე, ბევრიც გამომივიდა, ძალიან ბევრჯერ მატკინეს და დამამცირეს. დილის გადაცემის ჟურნალისტი მერქვა იმ წამამდე, სანამ გადაცემა ეთერში ჩემ გარეშე არ დაბრუნდა.
„ჩემ გარეშეც” ისეთი ნათქვამია, ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი. მერე პასუხი ოფიციალურად მოვითხოვე და აქაც “ტომ – პასუხი არ არის”. ტომ სოიერის შესავალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. იცით რატომ ? იმიტომ რომ ჩემი აზრი გამოვხატე.
აი, ამ იგნორში, სულ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა სოლიდარობა. დანარჩენებმა ხან რა თქვეს, ხან რა. ზოგმა შენით გადაწყვიტეო, ზოგმა ჭკვიანად ყოფილიყავიო. გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი ვარ, იმ დუმილით წლობით ნაშენები კომუნიკაცია ვიღაცებმა მდუმარე პირამიდებად რომ აქციეს. უბრალოდ დუმდნენ.
ერთ რამეს მივხვდი, ყველაზე ზუსტად ის გტკენს, ვინც კარგად გიცნობს. იმედია ეს არის ის სამართალი საკუთარი თავისთვის რომ გემეტებათ.
საყვარელი საქმე წამართვეს და მაიგნორეს. არ ვიცი აქ დასრულდა თუ არა ჩემი ჟურნალისტობა, მაგრამ მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მოისმინეთ ის ფრაზა.სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს”, – წერს ანი ჯობავა.
„პუბლიკა” ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული საკითხების დასაზუსტებლად დაკავშირებას ცდილობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” – მათი პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.