ანი წითლიძე შიმშილობას წყვეტს

პუბლიკა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანი წითლიძე შიმშილობას წყვეტს. მან საქართველოს მესამე პრეზეიდენტის, მიხეილ სააკასვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 12 დღე იშიმშილა.

წითლიძე აცხადებს, რომ პირველივე დღიდან არ ჰქონია განცდა, რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება მის მოთხოვნებს შეასრულებდა.

„ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილსა და ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს საზოგადოება. მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან, მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი: ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ“ – თქვა მან.

„მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს. ბოდიში ყველას, ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით. მადლობა გულშემატკივრობისთვის. უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებიც 24/7 ზრუნავდნენ ჩემზე. მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც სრული შემადგენლობით თავს მევლებოდა. არანაირი დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება” – აცხადებს წითლიძე.