ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი მოითხოვს როგორც მზია ამაღლობელის, ისე ყველა სხვა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებას საქართველოში.
ჰიპერის თქმით, მისი პატიმრობა „აჩვენებს რეპრესიებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ“.
მზია ამაღლობელის და ქართული მედიის შესახებ კითხვა მას ევროკომისიის ბრიფინგზე დაუსვეს.
„ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ მუშაობა დევნის შიშის ან გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებასა და გაჩუმებაზე, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ მისი და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას და ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ანიტა ჰიპერმა დასძინა, რომ „ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აქვს შედეგები“ – ამით მან აქცენტი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გააკეთა.
ანიტა ჰიპერმა კომენტარი გააკეთა რეპრესიული კანონების ახალ ტალღაზეც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და განაცხადა, რომ „ისინი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, ასევე აწესებს ფართო კონტროლს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ საქმიანობაზე, ხოლო მისი ბუნდოვანი დებულებები წარმოშობს ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას, ასევე თვითნებობისა და სელექციური აღსრულების დიდ რისკს“.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს – 4 მარტს უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოში დავა დასრულებულია და მზია ამაღლობელის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, აგვისტოში კი 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს.