ანიტა ჰიპერი: გრძელდება დისკუსიები „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირებაზე

პუბლიკა

„გრძელდება დისკუსიები სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“

ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიული კანონების ახალი ტალღის შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ „გრძელდება დისკუსიები სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“.

ანიტა ჰიპერის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა „იმ ძალიან სამწუხარო და მყარი კურსის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო იმისკენ, რომ იყოს რეპრესიული რეჟიმი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა იმ თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიის სახელით საუბრობს“.

„ის, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, იყო თანმიმდევრული რეაგირება პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე, ასევე, შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც 120 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა.

ასევე, შევაჩერეთ 30-მილიონიანი მხარდაჭერის ღონისძიებები „ევროპის მშვიდობის ფონდის“ (EPF) მეშვეობით და დამატებითი დახმარება აღარ იგეგმება. ეს მხოლოდ რამდენიმე პუნქტია. საშინაო საქმეების კუთხით – საბჭომ შეუჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს, მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს. ასევე გრძელდება შემდგომი დისკუსიები სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“. – თქვა ანიტა ჰიპერმა.

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – კანონი, რომელშიც ამ დრომდე შეტანი ცვლილებები ისედაც რეპრესიულია და მისი სამიზმე მედიას და სამოქალაქო საზოგადოებაა, კიდევ უფრო მკაცრდება.