ანიტა ჰიპერი: საქართველოს ხელისუფლება ამყარებს რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდება

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა თქვა, საქართველოს ხელისუფლებას „სარკეში ჩახედვას ურჩევს” და რომ „ქართული ოცნება” რეპრესიულ რეჟიმს ამყარებს“.

ანიტა ჰიპერს ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა – „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ  პროტესტის 71 წლის მონაწილის, აზა ჩილაჩავას დაკავების შესახებ თქვა, რომ ამაზე „მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკავშირის ელჩს და ევროკომისიის პრესპიკერს”, რომლებსაც, პაპუაშვილის თქმით, „ხმა არ ამოუღიათ 4 ოქტომბერზე” და „სოლიდარობა გამოუცხადეს 50 ადამიანს, რომლებიც გზას კეტავენ”.

ანიტა ჰიპერმა თქვა:

„საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას, რაც ის არის, რომ ისინი ამყარებენ რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, მედიას უსწორდება. თუ თქვენ დარწმუნებულები ხართ თქვენს დემოკრატიულობაში, არ გჭირდებათ ოპონენტების და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველა ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ძალადობის შემდგომი ესკალაცია”.