პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მისი შეფასებით, „სიმულიანტობა და თვითდაზიანება“, ვერ გახდება მისი გათავისუფლების, უცხოეთში გადაყვანის ან შინაპატიმრობის საფუძელი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაზე კი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმის წევრებმა ვიზუალურად დაათვალიერეს და შეაფასეს მისი მდგომარეობა.
„ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, სიმულიანტობის ხარჯზე რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს. ეს არის გამორიცხული. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი სიმულიანტობა თუ თვითდაზიანება, თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი, ვერც შინაპატიმრობის.
არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ შეიძლება, ჰქონდეს ანორექსია. ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე, რადგან ანორექსია, ჯერ ეს ერთი, 90% ქალებს ახასიათებთ და 10% – კაცებს და ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი. სააკაშვილს ეგ ფსიქიკური მიზეზი არ უნდა ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ვიზუალური დათვალიერებით რომ რაღაც დასკვნები გამოდის, ამას არ ექნება, ბუნებრივია, სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არავითარი დიაგნოზი არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.