აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 26 წლის ანრი კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. მან გაიზიარა პროკურორ როინ ხინთიბიძის პოზიცია.
ანრი კვარაცხელიას პროკურატურა შსს-ს თანამშრომლებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
ბრალდების მხარის პოზიციით, ის, რომ ბრალდებულს შეუძლია, ხალხით სავსე ადგილზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს და ადამიანების ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე, მის ხასიათზე მეტყველებს და არ იძლევა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს. როინ ხინთიბიძის პოზიციით, დგას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც.
კვარაცხელია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ვერ ადასტურებს იმას, რომ ანრი კვარაცხელიამ დანაშაული ჩაიდინა.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არის პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კვარაცხელიამ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
რაც შეეხება ფოტო- ვიდეომტკიცებულებებს, ადვოკატის პოზიციით, ექსპერტიზის დასკვნა სუბიექტურადაა დაწერილი და სათანადოდ არაა დასაბუთებული, რომ ყველა ფოტოსა და ვიდეოზე ერთი და იგივე პირი – ანრი კვარაცხელიაა ასახული. დაცვის მხარეს ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს დანიშნული.
დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოც შესთავაზეს.
საქმის არსებითი განხილვა 12 თებერვალს, 11:00-ზე დაინიშნა.
ანრი კვარაცხელიას ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, რომ მისი დაკავება 5 დეკემბერს დილის 8 საათისთვის საკუთარ ბინაში ძალადობრივად მოხდა.
ბინაში შესვლამდე სამართალდამცავებს არ წარუდგენიათ ჩხრეკის ოქმი ან განჩინება, კვარაცხელიას დას და მეუღლეს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გამოკითხვის ოქმში ანრი კვარაცხელია ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, მას ეს ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, უფლებადამცველის თანდასწრების გარეშე დააწერინეს.
ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მისი ქმრის დაკავების პროცესით მიღებული სტრესის ფონზე მუცელიც მოეშალა.