ანრი ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელი ხდება, იუსტიციის მინისტრად პაატა სალიას დანიშნავენ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე საკადრო ცვლილებები წარადგინა.

შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები, ორ სამინისტროდ ჩამოყალიბდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.

რეგიონული სამინისტროს მინისტრის პოსტს დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც პოსტი უკვე დატოვა. კობახიძის თქმით, მას ოქტომბერში ეწურებოდა უფლებამოსილება.

„რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილი ინიშნება. ოხანაშვილის დამტკიცებას პარასკევს ეყრება კენჭი.

„იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი,“ – განაცხადა კობახიძემ.

ანრი ოხანაშვილი „ოცნებამ“ იუსტიციის მინისტრის პოსტზე 25 ნოემბერს წარადგინა. მანამდე ის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს პაატა სალია.

პაატა სალია „ოცნების“ პარლამენტში დეპუტატია და წულუკიანის კომისიაში მუშაობს. ის „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი იყო.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს.