ანთაძე: გინტურის მკვლელობის ირგვლივ მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია

პუბლიკა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ კვლავ იგივე ცინიკური პოზიცია გაჟღერდა.

„პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები „მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ბორდერიზაცია. ქართულმა მხარემ დაასახელა ის ლოკაციები, სადაც შეხვედრებს შორის დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაცია.

„ამაზეც, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი, ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას, პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმება ერთ გარემოებას, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას და პირველ რიგში, სწორედ ეს გახლავთ შემდგომი იმ თანამდევი პროცესის წინამორბედი, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეს მსხვერპლი სახეზეა დღესაც, ჩვენი 6 თანამოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა ყოველთვის არის უცვლელი – მოხდეს, უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლება“, – განაცხადა მან.