ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, გუშინ, „პირველ არხთან“ მისი თანამშრომლობა დასრულდა – დახურეს პროექტი „საინტერესო ადამიანები“.
„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ. უზომოდ მადლობელი ვარ იმ 302 ადამიანის, ვინც ინტერვიუზე დამთანხმდა და ვისთან ერთადაც თანამედროვე საქართველოს ძალიან დასამახსოვრებელი სურათი შევქმენით.
ასევე, მადლობელი ვარ ყველა მკითხველის – თქვენ აცოცხლეთ ეს პროექტი 7.5 წლის განმავლობაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ მარტო ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის ერთად ვიყავით – ჩემი სტუმრები, ჩემი მკითხველები და მე. გულწრფელი მადლობა ამ წლებისთვის! აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი.
ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი. იმედს ვიტოვებ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებ, სასარგებლო ვიყო ჩვენი საერთო სამშობლოსთვის!“ – წერს ანთაძე სოციალურ ქსელში.
ია ანთაძე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. წლების განმავლობაში ის „რადიო თავისუფლებაში” მუშაობდა ჟურნალისტად. 2016 წლის ბოლომდე ტელეკომპანია GDS -ში გადაცემა „59“ წამის პროდიუსერი იყო. ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2017 წლის იანვარში დასაქმდა, მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე გახდა არხის დირექტორი.