ანტიდასავლური განწყობები და „ქართული ოცნება" MDF-ის ანგარიშში

MDF-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ანტიდასავლური პროპაგანდის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 2-ჯერ არის გაზრდილი –  (2019 წელი 2769; 2016 წელი 1258).

იმავე ანგარიშის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ანტი-NATO გზავნილები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პარალელურად გაზრდილია რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები, რაც საგარეო კურსის გადახედვის და საქართველოს პრობლემების კრემლთან პირისპირ დარჩენის გზით კონფლიქტების მოგვარების გზავნილებს შეიცავდა.

MDF-ის მიხედვით, მსგავსი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნაში რიგი პოლიტიკური პარტიები და მედიაგამოცემები მონაწილეობდნენ.

„ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროებად კვლავ 5 მედია საშუალება გამოიკვეთა, ესენია: კრემლთან დაკავშირებული ონლაინგამოცემები „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“; პრორუსულ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული TV „ობიექტივი“ და გაზეთები, რომლებიც ეთნონაციონალისტურად პოზიციონირებენ, თუმცა ხშირად კრემლისტური მედიის ნარატივებს იმეორებენ („ასავალ-დასავალი“ და „ალია“)”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

პოლიტიკურ პარტიებს შორის ანტიდასავლური განწყობების გაღვივების კუთხით კვლავ „პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად რაოდენობრივ მონაცემებში არასახვისა, „ქართული ოცნების” ზოგიერთი განცხადება ირიბად ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობდა ხელს.

ამ მიმართულების ერთ-ერთ მაგალითად ანგარიშში 2012 წელს „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ასპექტია მოყვანილი.

„NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებული მიზნის პარალელურად, „ქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ საქართველო აღარ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში”, – წერია ანგარიშში.

„ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ:

„საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“.

ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამიდან ხსენებული ამონარიდი იმეორებდა ევრაზიული ინსტიტუტისა და „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული პროპაგანდისტული გზავნილების შინაარს, რამაც ირიბად ხელი შეუწყო NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შიშების გაღვივებას.

მაგალითისთვის ანგარიშში ასევე მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით.

2019 წელს კრემლისტური პროპაგანდის სამიზნე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდა. პროპაგანდის საშუალებები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას იმის თაიობაზე, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო და მას ამერიკისთვის მხოლოდ სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება ჰქონდა.

MDF-ის ანგარიშის მიხედვით, იმავე კონტექსტში ხორციელდებოდა ამერიკის სამხედრო ბაზების მიზანშეუწონლობაზე გავრცელებული განცხადებები, რასაც, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „ამერიკის ხმასთან” გაკეთებულმა განცხადებამ შეუწყო ხელი.

„ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნაზე:

„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ.

არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან.

ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფათოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

MDF-ის ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის ხსენებულმა განცხადებამ „პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა”.

იმავე საკითხზე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის რუსეთის ინტერესებთან შეუთავსებლობას 2020 წელს მთავრობის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშესრულების შეწყვეტა მოჰყვა.

„NATO-ში ინტეგრირებასთან და საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხიც რუსეთის ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნეოდა, რასაც 2020 წლის დასაწყისში მთავრობის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა მოჰყვა”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით „ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლებისა და კრემლის პროპაგანდისტების მესიჯები ასევე გადაიკვეთა კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მე-5 მუხლის ოკუპირებულ რეგიონებზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გავრცელების და საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრირების ინიციატივის საკითხებში, რაც 2019 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა.

ამ ინიციატივას კრემლის აქტორების გარდა, „ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლების ნეგატიური შეფასებაც მოჰყვა.

მაგალითისთვის, პარალამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლება არასოდეს უარს არ იტყოდა.

„ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ანტიდასავლური პროპაგანდის უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი საქართველოში ასევე იდენტობის დაკარგვის შიშია. ამ მიმართულებით პრორუსულ პარტიებსა და ანტიდასავლურ მედიაგამოცემებთან ერთად ანგარიშში „ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებიც არის მოყვანილი.

მაგალითისთვის ანგარიშში სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენლის, სოფო კიკაჩეიშვილის განცხადებაა მოყვანილი:

„ყველაფერი კარგია, საჭმელი, ჩასაცმელი, აბა ევროპა სჯობია? ევროპა?! პიდარასტების და იმის რა ქვია, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა?! მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები”, – განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

ანგარიშის მიხედვით, ხსენებული განცხადება დასავლეთთან ინტეგრაციის პარალერულად გაჩენილი იდენტობის დაკარგვის შიშის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც პრორუსული პროპაგანდის სულისკვეთებას იმეორებს.

MDF-ის ანგარიშში „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც არის მოყვანილი. ანგარიშის მიხედვით პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პოსტულატი საქართველოში იმ აღქმის გაღვივებაა, თითქოს დასალვეთი ჩვენს შიდა საკითხებში უხეშად ერევა და, რომ საქართველო რეალურად სუვერენული სახელმწიფო არ არის.

ამ კონტექსტში, აღსანიშნავია 2019 წლის ბოლოს NDI-ისა და IRI-ის მიმართ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადება, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსის” მიერ ამერიკის საელჩოს წინ გამართული იმავე სულისკვეთების აქცია მოჰყვა.

„ზოგადი განცდაა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა და დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში… ის, რომ ასეთი პარტნიორი ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაც ისეთს არ აკეთებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


MDF-ის ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს. ანგარიში, რომელიც ტრადიციულად ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებას და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება, ასევე ახდენს ამ გზავნილების წყაროების იდენტიფიცირებასა და ყალბი ინფორმაციების გამოვლენას.

ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.