ანტიეროვნული განცხადებაა - ღარიბაშვილი შოლცთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ოლაფ შოლცის მიწვევით გერმანიაში გაემგზავრება და კანცლერს შეხვდება. რის შემდეგაც ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, არის თუ არა ეს კანცლერის მხრიდან „დაბარება“ და უკავშირდება თუ არა ბრატისლავაში გაკეთებულ მის განცხადებებს. ღარიბაშვილმა კი შეკითხვას „ანტიეროვნული“ უწოდა და ჟურნალისტი „ამორალური, ბინძური დავალებების“ შესრულებაში დაადანაშაულა.

„მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია ჯერ ერთი თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა, დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ.

მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. აი, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ, თურმე, თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. ეს მინდა გითხრათ.

საერთოდ, მინდა გირჩოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ოლაფ შოლცთან შეხვედრას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანცლერთან საუბარი იქნება უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციასა და „უკრაინის ომის შემდეგ რეგიონში შექმნილ რთულ სიტუაციაზე“.

„[საუბარი იქნება] ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც იყო პირველი მსხვერპლი და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მე მასთან არაერთხელ მისაუბრია. შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით.

მინდა, მადლიერება  გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მისი მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა.