პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 5 ივლისის მოვლენები „ელგებეტე“ ორგანიზაციის დირექტორის და მოძრაობა „სირცხვილიას“ წახალისებული იყო, მათ უკან კი „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.
„არავის არ მოგვეწონა ის თავდასხმები, რაც განხორციელდა ოპერატორების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია, 30-ზე მეტი ადამიანი არის დაჭერილი, გასამართლებული, გასამართლებული!
კითხვა მაქვს, კი, გასაგებია ეს ყველაფერი, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ქვეყანაში! ვინ იყო ამისი ორგანიზატორი, კარგად ვიცით – „ელგებეტე“ ორგანიზაციის დირექტორი და „სირცხვილია“, ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს „ღირსების მარში“ თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ.
პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციაა. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა.
რაც მოხდა დილის საათებში, ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა ინდივიდების, მოქალაქეების წინააღმდეგ. რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და გაასამართლა ყველა დამნაშავე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა. პრემიერი და ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერად არაერთხელ დაუპირისპირდნენ.
„პუბლიკა“ ემიჯნება ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას.