ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია - „თანასწორობის მოძრაობა”

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ დისკრიმინაციულად არ მიიჩნია კომპანია „ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 17 მაისს „თანასწორობის მოძრაობამ” საჯარო მანიფესტაციის გამართვის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ ჰომოფობია თბილისის მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე ბანერებით გაეპროტესტებინა.

„კამპანიის ფარგლებში მოვამზადეთ 11 ანტიჰომოფობიური ბანერი. პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია „ალმასთან” წარმატებით მიმდინარეობდა, შევადგინეთ ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კამპანია ჰომოფობიის საწინააღმდეგო იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავუგზავნეთ ვიზუალური მასალა, უარი განაცხადეს ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმეს.

კომპანიამ უარის ერთ-ერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას”, – წერს „თანასწორობის მოძრაობა”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდაპირველი პოზიციით „ალმას” მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება.

„სასამართლო პროცესზე „“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რითიც დასტურდებოდა, რომ შპს „ალმას” ბანერებზე სხვადასხვა პერიოდში განთავსებული იყო სოციალური ხასიათის რეკლამები და უფრო მეტიც, პოლიტიკური შინაარსის პოსტერები, რომლებიც განთავსდა ცხელ წინასაარჩევნო პერიოდში, რამაც ნამდვილად გამოიწვია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებში აღშფოთება.

„თანასწრობის მოძრაობა” აღნიშნავს, რომ ვინაიდან „ალმას” ფაქტობრივად, მონოპოლიური მდგომარეობა აქვს – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მეტროსა და ავტობუსის გაჩერებეზზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა, ამ მოცემულობით ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა.

„თანასწორობის მოძრაობა” სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართავს გეგმავს.

მათ მიერ მომზადებული ბანერებია: