„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დღეს მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.
გადაწყვეტილების მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდა, მის მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
“ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.
ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს!“- წერს ორგანიზაცია.
ანტიკორუფცული ბიუროს დღევანდელი, 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები.
ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.