ანტიკორუფციული ბიურო: ვახორციელებთ მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის მონიტორინგს

პუბლიკა

ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს, რომ უწყება ახორციელებს „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. მათი ცნობით, მონიტორინგის მიზანია, დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

ბიურო ამბობს, რომ განსაკუთრებით საინტერესოა, რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა:

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.

ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.

ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.

საზოგადოებაში არსებული კითხვები, ამ კონკრეტული ხელშეკრულების არსსა და მის დეკლარაციაში ასახვის სიზუსტესთან დაკავშირებით, ბუნებრივად წარმოშობს აუცილებლობას, დეტალურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოკვლეული, ხომ არ მოხდა სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა“, – წერია განცხადებაში.

ანტიკორუფციული ბიურო ამბობს, რომ „თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს“.