ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც მიიღო

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოთხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია.

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებზე და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა. მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებლეთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად. ქარტია თავის კანონიერ უფლებებს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს. ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით.

ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე. ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.

NGO-ების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გამოსცა ბრძანება 9 ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია. 

ორგანიზაციების შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.