ანტიკორუფციულმა ბიურომ „მედიის განვითარების ფონდის“ საქმიანობის შესწავლაც დაიწყო

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდი“ აცხადებს, რომ მათაც ჩაბარდათ სასამართლოს ბრძანება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

ორგანიზაციის განცხადებით, სამართლებრივად იბრძოლებენ:

„დღეს, 19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად“.

MDF ამბობს, რომ მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ, საზოგადოებას აცნობებენ.

19 ივნისს განცხადება გაავრცელა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც“ და თქვა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი საქმიანობის შესწავლა დაიწყო. SJC-ს ცნობით, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო მათგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.