ანტიკორუფციულმა ბიურომ „TI საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო

პუბლიკა

ანტიკორუფცული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები.

ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამისთვის კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

„თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მე დამჭირდება ახალი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს, მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვითხოვოთ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები.“ – აცხადებს კუპრაშვილი.


2024 წლის 6 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოსთხოვა „აირჩიე ევროპის” და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვა. იმავე დღეს სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „აირჩიე ევროპამ” საქალაქო სასამართლოს მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.