ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინეთ ლგბტქ ადამიანების საჭიროებები - „თანასწოროების მოძრაობა“ მთავრობას

პუბლიკა

ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციაზე მომხდარ შემთხვევის შესახებ, სადაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინონ ლგბტქ ადამიანების საჭიროებები.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება

მიუხედავად იმისა, რომ „თანასწორობის მოძრაობა“ დასაწყისიდანვე არის ჩართული  ტრანს ადამიანებისთვის თანხისა თუ სხვა საჭირო დახმარების მობილიზებაში, ჩვენი ფინანსები და მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი“, -წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს სახელმწიფოს, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად მოიაზროს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები.

„სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს საზოგადოების რომელიმე სეგმენტის იგნორირებას. სახელმწიფო უნდა ხედავდეს ტრანს ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ახლა ბინის, შემოსავლის, საკვებისა და სხვა ელემენტარული საჭიროებების გარეშე არიან დარჩენილები. სახელმწიფო, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე“, -წერია განცხადებაში.

ამასთანავე, ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას, რომ  გაითვალისწინონ ის რისკები, რაც შესაძლოა თან სდევდეს მოვლენების პირდაპირი ეთერით გაშუქებას.

„მოვუწოდებთ მედიას, გაითვალისწინოს ის რისკები, რაც თან სდევს მოვლენების პირდაპირ ეთერით გაშუქებას როდესაც მათ არ შეუძლიათ სიტუაციის მართვა და არ შეუძლიათ განსაზღვრონ რა რისკების წინაშე შეიძლება დააყენონ საკუთარი მაყურებელი და ისინი, ვისაც უთმობენ ტრიბუნას. მით უფრო, რომ მსგავსი საზარელი კადრების გადაცემის შემდეგ, რეფლექსიის გარეშე გადაინაცვლებენ მომდევნო საკითხზე და არ დასვამენ შეკითხვას, თუ რამ მიიყვანა ტრანს ადამიანები უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე“.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მიმართავს:

მთავრობას: 

  • სახელმწიფომ უზრუნველყოს ლგბტქ ადამიანების დახმარება ბინის ქირის სუბსიდირებით ანდა თავშესაფრის შეთავაზებით;
  • საგანგებო მდგომარეობისას შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში, სახელმწიფომ  გაითვალისწინოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები და აღმოუჩინოს მათ შესაბამისი დახმარება;

მედიასა და ჟურნალისტებს:

  • ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დაუსვან შეკითხვები, თუ როგორ ხედავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს და კონკრეტულად, რა ფორმით აპირებენ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას.

ტრანსგენდერმა ქალებმა ქალაქის მერიის შენობასთან აქცია გამართეს და  ხელისუფლებას ტრანსგენდერი ქალების დახმარებისკენ მოუწოდეს.

კადრებში, რომლებსაც ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, ჩანს, რომ აქციის ერთმა მონაწილემ  თავის დაწვა სცადა. მან განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ამ გზით აპროტესტებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

მათი თქმით, პანდემიის გამო შემოსავალი აღარ აქვთ და ბინის ქირის გადახდასაც კი ვეღარ ახერხებენ.