ანტისამთავრობო აქციების შემდეგ ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. BBC წერს, რომ ჰასინა, რომელიც პოსტს 2009 წლიდან იკავებს, ინდოეთისკენ მიმავალ ვერტმფრენში დააფიქსირეს.
პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა დაკაში მისი რეზიდენცია დაიკავეს. ერთი დღით ადრე აქციაზე ძალადობრივი დაპირისპირება იყო პოლიციასა და მონაწილეებს შორის, რა დროსაც 91 ადამიანი დაიღუპა, მათგან 13 პოლიციის ოფიცერი.
ბანგლადეშში ივლისში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები?
ბანგლადეშში სტუდენტებმა პროტესტი რამდენიმე კვირაა წამოიწყეს. ისინი აპროტესტებენ კვოტებს, რომლებიც 1971 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილე ვეტერანთა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვისაა დაწესებული. ვეტერანთა ნათესავებისთვის საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების 30%-ია გამოყოფილი.
სტუდენტები ჩიოდნენ, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია და საჯარო სექტორში დასაქმება მხოლოდ დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. დემონსტრანტები ამბობენ, რომ კვოტების დაწესება ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჯგუფებს ეხმარება დაუმსახურებლად დასაქმდნენ.
უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები ბანგლადეშში სამუშაო ადგილების სიმწირეზე დიდი ხანია ჩივიან.
როგორც BBC წერს, ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის სამუშაო ადგილების პოვნა ისევ პრობლემაა.
ბოლო მონაცემებით, უმაღლესი განათლების მქონე 18 მილიონი მოქალაქეა უმუშევარი. ბანგლადეშში ბევრი საწარმო იხსნება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის, დიდი როლი უკავია ტანსაცმლის კერვას. თუმცა ამ ტიპის სამუშაო ადგილებზე, ძირითადად, იაფ მუშახელს ეძებენ, უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებისთვის კი ახალი სამუშაო ადგილები ნაკლებად იქმნება.
მოქმედი პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას 15-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურა განვითარდა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სამჯერ გაიზარდა შემოსავალიც ერთ სულ მოსახლეზე.
მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ბევრი აკრიტიკებს, რადგან შემოსავლების ზრდა, ექსპერტების თქმით, ძირითადად, მთავრობასთან დაახლოებულ ფენაზე აისახება.
„ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ კორუფციას. განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წრეებში. დიდი ხანია ამ კორუფციის მომსწრეები ვართ და სამართლებრივი რეაგირება აქამდე არ მოჰყოლია“, – ამბობს ერთ-ერთი ანალიტიკოსი BBC-სთან.
ბანგლადეშის სოციალურ მედიაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია კორუფციულ ბრალდებებზე [პრემიერ-მინისტრ] ჰასინას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ – მათ შორის, არმიისა და პოლიციის ყოფილი უფროსების, საგადასახადო სისტემის მაღალი თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო რეკრუტირებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ.
ჰასინამ გასულ კვირას თქვა, რომ ის გაატარებდა ზომებს კორუფციის წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, უკვე დიდი ხანია პრობლემაა.