ანტისემიტიზმი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში - ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა და ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა, “- წერს მინისტრი.

დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორიმ. მან განაცხადა, რომ იმედი აქვს პატრიარქი დაგმობს ანისემიტიზმს. ელჩმა ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.

ელჩის ამ განცხადებას წინ უძღოდა 20 დეკემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და სინოდის წევრის, იოანე გამრეკელის ქადაგება, რომელიც ანტისემიტურად შეფასდა. ამის შემდეგ  4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ იქადაგა, რომელიც ელჩის შეფასებით, ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას ჰგავდა.