ანტონ ჩეჩინის დიაგნოზზე სასამართლოში ნეიროქირურგი დაიკითხება, ის პატიმრობაში რჩება

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ ანტონ ჩეჩინის დიაგნოზთან დაკავშირებით სასამართლოში ნეიროქირურგი, ედიშერ მაღალაშვილი დაიკითხება.

ნეიროქირურგის დაკითხვის შუამდგომლობა დღეს გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დასაშვებად ცნო ეს მოთხოვნა და აღნიშნა, რომ:

„[შუამდგომლობა] უკავშირდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გნებავთ აღკვეთის ღონისძიების ან თუნდაც სასჯელის განსაზღვრის დროს…“, – განაცხადა მოსამართლემ.

საქმეს მტკიცებულების სახით ასევე დაერთო ნეიროქირურგის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტი – ფორმა N100.

ექიმი პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დაიკითხება.

რა წერია ანტონ ჩეჩინის დიაგნოზში?

თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხით, ჩეჩინს თავის ტვინში აქვს კისტურ-ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც მაისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით ზომაში გაიზარდა.

ნეიროქირურგმა, ედიშერ მაღალაშვილმა 2 აპრილს გაცემულ ფორმა N100-ში ოპერაციის ჩატარება მიიჩნია საჭიროდ.

მის მიერ გაცემულ ფორმა N100-ში აღნიშნულია, რომ პაციენტის დიაგნოზია – თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, დაუზუსტებელი [D43.2].

დიაგნოზის დაზუსტებაში კი აღნიშნულია – „მარჯვენა შუბლის წილის მოცულობითი წარმონაქმნი“.

„პაციენტს რამდენიმე წელია აწუხებს ძლიერი თავის ტკივილი, ჩატარებული აქვს თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, სადაც ვლინდება მოცულობითი წარმონაქმნი მარჯვენა შუბლის წილში ცისტურ ფიბროზული შენების, პაციენტს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა სასწრაფო დაყოვნებული წესით… ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია [ამოკვეთა]”, – ვკითხულობთ სამედიცინო დოკუმენტში.

მოსამართლემ პატიმრობა ძალაში დატოვა

აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ ასევე დააყენა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაც. მისი თქმით, ჩეჩინის მიერ არ არსებობს არც მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენისა და არც მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

„მნიშვნელოვანია, რომ ანტონ ჩეჩინმა ისარგებლოს და სრულად ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები, და ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებში გახლავთ რთული, მას ასევე აქვს შესაბამისი რეაბილიტაციის პერიოდი და ა.შ. ამის გამო, მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირაოთი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლო ამ ეტაპზე ვერ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არის შეუძლებელი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება პენიტენციური დაწესებულების პირობებში.

„ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა ეს [დაავადება], რამდენად პროგრესირებადია, რამდენად შეუთავსებელია პატიმრობასთან. და რამდენად არ ასრულებს სახელმწიფო მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ აწვდის შესაბამის მომსახურებას პატიმრობაში მყოფ ადამიანს… ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოში რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება არაა წარმოდგენილი…

არაერთ საქმეში, არაერთ შემთხვევაში პატიმრობაში მყოფ თუ სასჯელ მისჯილ ადამიანს, პენიტენციური დაწესებულება სთავაზობთ სამედიცინო სერვისს, თუ თვითონ ვერ ახერხებს, ამისთვის ჰყავს კონტრაქტორი კლინიკები, სადაც გადაჰყვათ და უტარდებათ მათ ოპერაცია ან სხვა სახის სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა მოსამართლემ.


ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაისაჯა აქციებში მონაწილეობის გამო.