ანტონ ჩეჩინის საქმეზე ნეიროქირურგი დაიკითხა | რა თქვა ედიშერ მაღალაშვილმა

პუბლიკა

აქციებს დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე დღეს ნეიროქირურგი, ედიშერ მაღალაშვილი დაიკითხა.

თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხით, ჩეჩინს თავის ტვინში ​კისტურ-ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს. ედიშერ მაღალაშვილს ტომოგრაფიის დასკვნის საფუძველზე ოპერაციის ჩატარების რეკომენდაცია აქვს გაცემული. დღევანდელ პროცესზე მან კიდევ ერთხელ დაასაბუთა ოპერაციის საჭიროება.

„ჩავატარე კონსულტაცია სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტი პირადად ჩემთან არ ყოფილა. თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია იყო ჩემთან წარმოდგენილი.

პაციენტს აქვს მარჯვენა შუბლთხემის მიდამოს მოცულობითი პროცესი, რომელიც თავის შინაარსით მცირე ზომის არის, მაგრამ ნებისმიერი ქსოვილი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეიძლება იყოს, თუ რა გენეზის არის, სიმსივნურია, არასიმსივნურია, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანია, ამის დადგენა ხდება მხოლოდ მისი ამოკვეთით და პათომორფოლოგიური ვერიფიკაციის ჩატარების გზით…”, – განაცხადა მან.

მან ისაუბრა იმ რისკებზე, რის წინაშეც პაციენტი შესაძლოა დროთა განმავლობაში დადგეს, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის მკურნალობას არ მიმართავს.

„მე პირადად მიმაჩნია, რომ ქერქში მდებარე ახალწარმონაქმნმა შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჩამოაყალიბოს… არსებობს რისკები, რომ პაციენტს განუვითარდეს ეპილეფსიური გულყრა, ჰემორაგიასისხლჩაქცევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კვანძი უნდა იყოს ამოკვეთილი, შესწავლილი ჰისტომორფოლოგიურად – მიკროსკოპულად…

მე როგორც მახსოვს, ორი კვლევა არის პაციენტთან ჩატარებული, პირველ კვლევასთან შედარებით აღინიშნება უარყოფითი რადიოლოგიური დინამიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი იზრდება. შესაბამისად, პირველი რისკი არის მისი ზრდა. რაც უფრო დიდია [], მით მეტად კომპლექსური ხდება ქირურგიული ჩარევა და მით უფრო მაღალ რისკებს მოიცავს პაციენტი.

გარდა ამისა, [შესაძლებელია] ეპილეფსიური გულყრები… მეტი რა უნდა იყოს… თუ კიდევ გაიზრდება, შესაძლებელია, მარცხენა კიდურებში სისუსტე… ეს არ იქნება ძალიან მოკლევადიან პერიოდში… უმკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ეს იყოს ერთ წელში, ორ წელში, 6 თვეში…”, – აღნიშნა მან.

ნეიროქირურგის თქმით, წარმონაქმნი მეტად ჰგავს ე.წ. კეთილთვისებიან სიმსივნეებს, თუმცა ამის გადაჭრით თქმა არ შეუძლია. მისივე განმარტებით, გადაჭრით არც იმის თქმაა შესაძლებელია, რომ საქმე სიმსივნესთან აქვთ. როგორც მან განმარტა, ამის დასადგენად საჭიროა ამოკვეთა და შემდეგ შესაბამისი კვლევა:

„სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს არის სიმსივნე… ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ვერ ვმიჯნავ – ეს არის არის ინფექციური პროცესი… ყველაზე მეტად, სემიოტიკით ჰგავს – ასეთი სიმსივნეები არსებობს შედარებით კეთილთვისებიანი, თუმცა არატიპიური ადგილია, მაგრამ სემიოტიკით [ნიშანთვისებებით] ძალიან ჰგავს. ამგვარ სიმსივნეებს კი ახასიათებთ სისხლჩაქცევები, შესაძლოა გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები ანუ სისხლჩაქცევები…

სიმსივნეა თუ არ არის სიმსივნე ამის თქმა [ამ ეტაპზე, არ შეიძლება]… ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად. როგორც მინიმუმ ამის ბიოფსია, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნის გარეშეა, აბსოლუტურად“, – განაცხადა მაღალაშვილმა.

შეკითხვაზე – რა ტიპის ჩარევის მიზანშეწონილობას ხედავს ექიმი, მან განმარტა:

„უნდა მოხდეს ტრეპანაცია [თავის ქალის გახსნის ქირურგიული ოპერაცია], ეს კვანძი სრულად უნდა იყოს მოცილებული“, – განაცხადა მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა პაციენტში, რომელსაც არ აქვს მაღალი ქირურგიული რისკები, ის ოპერაციული ჩარევის რეკომენდაციას გასცემს.

„მე ასეთი კვანძების დატოვება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში [მიზანშეწონილად არ მიმაჩნია]… როდესაც პაციენტებში ქირურგიული რისკი მაღალია, აქვს დიაბეტი მაგალითად, გულის უკმარისობა, როდესაც ქირურგიული რისკი მაღალია, მაშინ  შესაძლებელია დინამიური დაკვირვება, მაგრამ როცა გყავს ახალგაზრდა პაციენტი, მინიმალური ქირურგიული რისკებით, მაგ შემთხვევაში მე მაინც უფრო ქირურგიული ჩარევისკენ ვიხრები“, – ამბობს მაღალაშვილი.