ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა – მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავებიან. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
სამივე მათგანი სასჯელს ერთ საკანში, გლდანის N8 დაწესებულებაში იხდის.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას ითვალისწინებს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
№8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მიხედვით, ბანქო აკრძალული ნივთებს შორისაა და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომაც გაიმართა და განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი.
რა ვიცით?
საქმის მასალების მიხედვით, საუბარია მუყაოს ფურცლებისგან თვითნაკეთი წესით დამზადებულ ბანქოზე, რომელიც, ასევე პროკურატურის პოზიციით, საკანში მყოფმა მეოთხე ბრალდებულმა – ლიტველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა დაამზადა, დანარჩენმა სამმა კი მხოლოდ ისარგებლა. შემთხვევა კი 5 ოქტომბერს მოხდა.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას კუხარჩუკის ადვოკატი, ნიკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, ეს მეოთხე პირი ამ ეტაპზე ექსტრადირებულია და მას ბრალი წარდგენილი არ აქვს.
ანტონ ჩეჩინის ადვოკატი მარიამ ჯიქია „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, საქმეზე მოპოვებული მკიცებულებების დიდი ნაწილი სადაოა.
ადვოკატები მიუთითებენ თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზეც – ანტონ ჩეჩინის ადვოკატის თქმით, საქმეზე ბრალდებულს ამ შემთხვევამდე [5 ოქტომბერი] მისთვის გასაგებ ენაზე არ ჰქონდა მიწოდებული სია/ჩამონათვალი/დოკუმენტი ციხეში აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით.
როგორც დაცვის მხარე ამბობს, რომ მათთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი პროტოკოლი მსჯავრდებულებს მიაწოდეს დაახლოებით ორი თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ინციდენტი [5 ოქტომბერი] მოხდა.
სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათი განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.