ანტონიო კოშტა: დანიასა და გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ

პუბლიკა

22 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტი გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ „დანიასა და გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ და თავიანთი მომავლის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ“.

კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია პარტნიორები და მოკავშირეები არიან და რომ მათ საერთო ინტერესი აქვთ არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით NATO-ს ფარგლებში მუშაობით.

„ჩვენ შევქმენით ტრანსატლანტიკური ერთობა, რომელიც ნაწრთობია ისტორიით, დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და ეძღვნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.

ჩვენ გვწამს, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კორექტულად და პატივისცემით უნდა იმართებოდეს.

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ინტერესი აქვთ არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით ნატო-ს ფარგლებში მუშაობით. ევროკავშირი ასევე უფრო ძლიერ როლს შეასრულებს ამ რეგიონში.

ამ კონტექსტში, მსურს ვიყო ძალიან მკაფიო: დანიის სამეფოსა და გრენლანდიას აქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. მხოლოდ დანიის სამეფოსა და გრენლანდიას შეუძლიათ გადაწყვიტონ საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიას ეხება.

ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტისადმი ჩვენი მტკიცე ერთგულების გამოხატულება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს პრინციპები კვლავაც წარმართავს ჩვენს მოქმედებებს“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

მან დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის 21 იანვრის განცხადება, რომ ევროპას აშშ-ის მხრიდან ახალი ტარიფები არ დაუწესდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, დამატებითი ტარიფების დაწესება შეუსაბამო იქნებოდა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან.

„მიზნად კვლავ რჩება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების ეფექტური სტაბილიზაცია.

ამავდროულად, ევროკავშირი კვლავაც დაიცავს თავის ინტერესებს და დაიცავს საკუთარ თავს, წევრ სახელმწიფოებს, მოქალაქეებსა და კომპანიებს ნებისმიერი ფორმის იძულებისგან. მას აქვს ამის ძალა და ინსტრუმენტები, და გამოიყენებს მათ, თუკი ეს საჭირო გახდება.

მომავლის პერსპექტივაში, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა საერთო ინტერესის საკითხზე, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭირო პირობების შექმნაზე“, – თქვა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა ტრამპის „მშვიდობის საბჭოზეც“ და თქვა, რომ ევროპას აქვს სერიოზული ეჭვი ამ საბჭოს არაერთ ელემენტთან დაკავშირებით, რაც შეეხება მის მასშტაბებს, მართვას და გაეროს წესდებასთან შესაბამისობას.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ აშშ-თან ერთად ღაზის ყოვლისმომცველი სამშვიდობო გეგმის განხორციელებაზე, სადაც „მშვიდობის საბჭო“ შეასრულებს თავის მისიას, როგორც გარდამავალი ადმინისტრაცია, გაეროს უშიშროების საბჭოს 2803-ე რეზოლუციის შესაბამისად.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებაზე: თავდაცვის, კონკურენტუნარიანობისა და უფრო მეტად სტრატეგიულად ავტონომიური ევროპის მშენებლობის მიმართულებით“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

რამდენიმე თვეა, აშშ პრეტენზიას აცხადებს გრენლანდიაზე, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაშია. დანია და ევროკავშირი აშშ-სთვის გრენლანდიის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.

დონალდ ტრამპი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი ტარიფების დაწესებით რამდენჯერმე დაემუქრა. პასუხად ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ გრენლანდიაზე სიმბოლური რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი განათავსა.

17 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1 თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე დარჩება, სანამ აშშ-ის მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ მიაღწევენ.

22 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ნაყოფიერი შეხვედრის შედეგად გრენლანდიასა და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ამის საფუძველზე გადაწყვიტა, არ დააწესოს ტარიფები, რომლებიც პირველ თებერვალს უნდა ამოქმედებულიყო.