ანტონიო კოშტამ გაფართოების შესახებ საუბრისას საქართველო არ ახსენა

პუბლიკა

10 მარტს ევროკავშირის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.

მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზეც და ამ კონტექსტში ახსენა როგორც უკრაინა, ისე – მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანა. თუმცა, არ უხსენებია საქართველო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა:

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გლობალური პარტნიორების ქსელის გაფართოება. ევროკავშირი არის საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი. დღევანდელ არაპროგნოზირებად მსოფლიოში ეს მთავარი სტრატეგიული აქტივია. სწორედ ამიტომ მოგვმართავენ ჩვენი პარტნიორები.

[…]

ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი გაფართოებისთვის. ევროკავშირი არის შერიგებისა და მშვიდობის პროექტი. ეს ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული გაფართოებასთან, რაც მას საუკეთესო გეოსტრატეგიულ ინვესტიციად აქცევს ჩვენი მომავლისთვის.

ჩემი მანდატის პირველივე დღიდან გაფართოება ჩემს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციე. როგორც ევროპის ყველაზე წარმატებული დიდი სტრატეგია, ის აძლიერებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ის აფართოებს ჩვენი საერთო ღირებულებების, საერთო კეთილდღეობისა და საერთო პასუხისმგებლობის სივრცეს.

უკრაინის განაცხადმა წევრობაზე ახალი დინამიკა და იმპულსი შესძინა ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ეს იმპულსი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით, არამედ ვრცელდება მოლდოვასა და ჩვენს ექვსივე დასავლეთ ბალკანელ პარტნიორზე. მათი მომავალი ევროკავშირშია, გაწევრებაზე დაფუძნებული დამსახურების პრინციპით, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს სტანდარტებს ყველასთვის. იმისათვის, რომ გაფართოება მომდევნო წლებში რეალობად იქცეს, ჩვენ უნდა გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს იმპულსი. უნდა ვცეთ პატივი დამსახურების პრინციპს, მაგრამ ვიგრძნოთ გადაუდებლობის განცდაც“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

წინა დღეს იმავე ამბასადორიალზე ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ილაპარაკა კაია კალასმაც. საქართველოს შესახებ მასაც არაფერი უთქვამს.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ „გაფართოება არის რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტი.

„გაფართოება შეფასებულია, როგორც ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც აფართოებს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის არეალს. ის უნდა დარჩეს დამსახურებაზე დაფუძნებული. თუმცა არსებულ კონტექსტში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება გეოპოლიტიკური არჩევანია“, – თქვა კალასმა.

„ევრობარომეტრის“ მონაცემებით, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს გაფართოებას, ვიდრე, მაგალითად, წუხს არაკონტროლირებად მიგრაციაზე. მაგრამ ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ გაფართოების ისტორიის თხრობა. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი – ევროკავშირი აქაა და არსად წასვლას არ აპირებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

საქართველოს ევროკავშირმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო წყვეტს გაწევრებაზე მოლაპარაკებებს“.

მის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ წყლის ჭავლით და სხვა სპეციალური საშუალებებით და ძალადობით უპასუხა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, დაპატიმრებულია ათობით დემონსტრანტი. მას შემდეგ საპროტესტო აქციები უწყვეტად გრძელდება, „ქართული ოცნება“ კი რეპრესიულ კანონმდებლობას უფრო და უფრო მეტად ამკაცრებს.

2025 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საქართველოს უკუსვლა „უპრეცედენტოდ“ არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი“.