გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე რუსული კანონს და მის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება.
„სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოების გარეშეც. გთხოვთ, გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის, თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მით უმეტეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულებელყოფთ მათ თხოვნას (ვემსახურებით საქართველოს). – დაწერა მაკა ჩიკვილაძემ.
დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.
ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.
საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.