პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სამეგრელოში ვიზიტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან არ იცის ბიუჯეტი, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი.
„ზუგდიდმა კარგად იცის, სიმართლისა და ტყუილის ფასი. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს ქალაქში თარეშობდენ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ მაინტერესებს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს. როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს კი, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი და უწესიერესი კაცი – მამუკა წოწორია. ის არ შეარცხვენს ამ ქალაქს. მინდა, ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დავუსვათ ბეჭედი „ნაცმოძრაობის“ ბოგინს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე მიმართა ზუგდიდელებს, რომ, თუკი მელია ზუგდიდის მერი გახდება, ეს გამოიწვევს „წყვეტას ცენტრალურ ხელისუფლებასთან.“
„ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ დავუშვათ, ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, მთავრობას ამ ადამიანთან, ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.