APA: თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი სამაშველო ჯგუფს და დრონს აგზავნის

პუბლიკა

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის.

ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი საქართველოსკენ უკვე გაემგზავრა.

APA წერს, რომ ვინაიდან თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი იმუშავებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, უკვე ადგილზეა თურქეთის შეიარაღებული ძალები.

ადგილზეა „ქართული ოცნების” შს მინისტრი, გეკა გელაძეც.

შსს-ის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

შსს წერს, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

უწყებამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არც თურქეთის და არც საქართველოს ოფიციალური უწყებები არ წერენ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე. თურქული მედიების, ასევე Reuters-ის ცნობით, საუბარია 20 ადამიანზე.