აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჯამში 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. კვეთის უმრავლესობა – 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30% – ქართველებზე.

უწყების სტატისტიკიდან ირკვევა, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 443 624-ს უტოლდება, ხოლო გამსვლელთა – 427 443-ს. შემდეგია თურქეთი (შემოსვლა – 413 127, გასვლა – 406 268).

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზეა თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი.

ქვეყნების პირველი ექვსეული, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა ასეთია: 

  1. რუსეთი – შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443;
  2. თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268;
  3. სომხეთი – შემოსვლა 285 403; გასვლა 284 273;
  4. ევროკავშირის ქვეყნები – შემოსვლა 119 855; გასვლა 112 477;
  5. ისრაელი – შემოსვლა 71 443; გასვლა 69 472;
  6. აზერბაიჯანი – 56 700; გასვლა 53 388;
  7. უკრაინა – შემოსვლა 51 387; გასვლა 51 253.