აპრილში აშშ-ში 20 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ აპრილში 20 500 000 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. როგორც BBC წერს, უმუშევრობის დონე ქვეყანაში გასულ თვეში 14%-მდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი იქ 30-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში ეკონომიკა საგრძნობლად უარესდება. არადა, ორი თვის წინ უმუშევრობის დონე მხოლოდ 3.5% იყო, ბოლო 50 წლის განმავლობაში – ყველაზე მცირე.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ჩვენ ხელოვნურ კომაში ჩავაგდეთ ეკონომიკა, რომ პანდემიისგან განგვეკურნა და ამის გამო თანამედროვეობაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი დავკარგეთ“, – ამბობს ეკონომისტი და შრომის სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელი ერიკა გროშენი.

კრიზისი ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხო. განსაკუთრებით დაზარალდა დასასვენებელი ცენტრები და საავადმყოფოები, სადაც ხელფასი 47%-ით შემცირდა. განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებში 2.5 მილიონი ადგილი დაიკარგა, საცალო ვაჭრობაში კი – 2.1 მილიონი.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათთან მოქალაქეთა 3/4, ვინც სამუშაო დაკარგა, ამბობს, რომ დროებით უმუშევარია. ეს შეიძლება იმის ნიშანია, რომ ისინი იმედოვნებენ, ეკონომიკა მალე ამუშავდება. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომისტები. კორონავირუსის პანდემია ბევრ ცვლილებას მოიტანს მომდევნო თვეებშიც. მაგალითად, რესტორნებში მომხმარებელთა სავალდებულო შემცირება, თავისთავად, სამუშაო დანაკარგსაც გამოიწვევს. კვების ობიექტები ვერ დაუბრუნდებიან მუშაობას სრული მოცულობით, რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება რეგულაციები, მით უფრო გაუჭირდება ბიზნესსაც გადარჩენა.

„დროებითი შეჩერება თავისუფლად შეიძლება სამუდამო შეჩერებად იქცეს, თუკი ბიზნესი ვერ გაუძლებს და დაიხურება, ან ბიზნესმოდელის შეცვლა მოუწევს“, – ამბობს გროშენი BBC-თან.

ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ აშშ-ს არ შეხებია. რეცესია მიდის დიდ ბრიტანეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებშიც. კანადაში აპრილის განმავლობაში უმუშევრობის დონემ 5%-ით აიწია და 13%-ს მიაღწია. სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, სამუშაო დაწესებულებების ერთი მესამედი შეჩერებულია ან განახევრებულად მუშაობს.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, 20.5 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა „სრულიად მოსალოდნელი“ იყო. „დემოკრატებიც კი არ მაკრიტიკებენ მაგის გამო. მე რაც შემიძლია, ისაა, რომ ისინი დავაბრუნო უკან“, – განაცხადა ტრამპმა.

მაგრამ ბევრი კომპანია უკვე გაკოტრების პირასაა და ზოგიერთ შტატში რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, ეკონომიკა მაინც ვერ იკრებს ძალას. ბევრი ადამიანი ინფიცირების შიშის გამო ერიდება აქტიურ ცხოვრებას, მშობლებისთვის კი დახურული სკოლები და სასწავლო დაწესებულებებია პრობლემა.