აპრილში ეკონომიკის 16.6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო, მაისიც მძიმე იქნება და ივნისიც – თურნავა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ აპრილში ეკონომიკის 16.6-პროცენტიანი შემცირება მოსალოდნელი იყო.

როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, თუმცა ყველა მონაცემი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში 2021 ეკონომიკის ზრდის წელი იყოს.

„აპრილში –16%, უფრო მეტი – 16.6% ვარდნა ეს იყო მოსალოდნელი. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და ივნისიც. ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში, მაგრამ ყველა მონაცემი გვაქვს იმისთვის, რომ 2021 წელი უკვე იყოს ზრდის წელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო, რადგან მოსალოდნელი 5-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5-პროცენტიან ვარდნას.