ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის“ ცნობით, აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება 17 აპრილის სხდომაზე მიიღო.
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე მოქმედ ყოველთვიურ ხელფასთან ერთად დანამატის სახით ხელფასის 100%-ს მიიღებს.
„სასამართლო გუშაგის“ მიხედვით, მოსამართლეებს შორის არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, მისი მოადგილეები, კოლეგიის თავმჯდომარეები და მოსამართლეები; რაიონული/საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები და სხვა მოსამართლეები.
„მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.
მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. ამჯერადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი ფართო უფლებამოსილების ფარგლებში, აპრილის თვეში განსაზღვრა დანამატი, რომლითაც, ფაქტობრივად, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო გააორმაგა“, – წერს ორგანიზაცია.