საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7% პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი – 18.2 პროცენტი;
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.5 პროცენტი;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 15.7 პროცენტი;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.0 პროცენტი;
- პური და პურპროდუქტები – 8.3 პროცენტი;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.0 პროცენტი;
- თევზეული – 6.1 პროცენტი;
- რძე, ყველი და კვერცხი – 5.5 პროცენტი;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 0.7 პროცენტი;
- ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე – 8.3 პროცენტი.
ჯანმრთელობის დაცვა: საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
საქსტატის ცნობით, ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი – 20.0 პროცენტი; დაზღვევა – 8.7 პროცენტი; საფინანსო მომსახურება – 5.4 პროცენტი; პირადი ჰიგიენა – 3.2 პროცენტი.
რაც შეეხება კავშირგაბმულობას, საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.