„აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით“ - სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს.

ამ ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ იმყოფება დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში. ის საუბრობს, რომ საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მეგობრების დახმარებით.

„მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ ამოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდი იყო, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლებ კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

მე მივყვები ჩემი ხალხის, გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების და მიწის დანახვა. ვერ წარმოიდგენთ, რა არის 8 წლის შემდეგ ყოფნა შენს ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს ჩემთვის მთავარია. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მივაღწიე ჩემს მიზანს – არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩემს ქართველებს და თანამებრძოლებს შორის, ჩემს ერს შორის, ვიბრძვი მისთვის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ტელეკომპანია ექსპრეზიდენტის სხვა ვიდეოების გავრცელებასაც აანონსებს.