აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის მიმართ - ოდიშარია

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი არის ღარიბაშვილის კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი.

„აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის მიმართ, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფებს“, – თქვა მან.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კინოცენტრის თანამშრომლების ნაწილი გამოცხადებულ რეორგანიზაციას აფასებს მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ და კინოცენტრის ბერკეტი სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს.

ისინი მოითხოვენ, კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და მისი შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან, პროცესი კი იყოს ღია და გამჭვირვალე.