„არ დამირეკოთ“ ნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს. მეორეც, აქ პატარა არავინაა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საპასუხოდ.
ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარტიის ყოფილი ლიდერი პოლიტიკურ გუნდს დამოუკიდებლობისკენ მიუთითებს და რომ „ქართული ოცნება“ სტაბილური და მძლავრი გუნდია.
„რასაკვირველია, გუნდმა ეს ტრადიცია არ უნდა მოიშალოს, თუკი ამის წამხალისებელი და მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკურ გუნდში აღარ იქნება. „არ დამირეკოთ“ ნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს. მეორეც, აქ პატარა არავინაა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს. კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დარგების ხელმძღვანელები“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„პირველ არხთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ კონსულტაციებს საბოლოოდ წყვეტს.
„მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის“, – თქვა ივანიშვილმა.